სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

15/05/2018

გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში





დღეს თბილისში სასტუმრო ,,ჰუალინგში" პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე -გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-გამოწვევები და შესაძლებლობები. კონფერენციაში მონაწილე ოთხ მუნიციპალიტეტს შორის, ერთ-ერთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იყო, როგორც ერთადერთი მუნიციპალიტეტი საქართველოში, რომლის აღმასრულებელ რგოლში უკვე მეხუთე წელია გენდერულ საკითხთა განყოფილება ფუნქციონირებს. კონფერენციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსი, მარინა ჯაფარიძე, ასევე ოზურგეთის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ლელა საჯაია და საკრებულოს დეპუტატი მარიკა ჩხიკვიშვილი დაესწრნენ. კონფერენციაში ქალაქ თბილისის მერი და საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი, კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, პრემიერ მინისტრის ასისტენტი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში, ლორა თორნტონი, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, მუნხტუია ალთანგელერი მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის შემუშავების და მთავარი მიმართულების განსაზღვრის პროცესში საქართველოს პარლამენტის როლის მნიშვნელობა და ეროვნულ დონეზე არსებული საკანონმდებო ვალდებულებების, ეროვნული მექანიზმებისა და გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმები განიხილეს. კონფერენციაზე ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხთა განყოფილების გამოცდილებასა და მიღწევებზე ისაუბრა. როგორც მერმა აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის შედგენის დროს, მთავარი პრინციპი იქნება გენდერული მეინსტრიმინგი და თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, რომელიც გენდერულ თანასწორობას, ქალთა უფლებების დაცვას, ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორუფლებიანობას დაეფუძნება. ,,ჩვენი რეგიონის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის, მტკივნეული პრობლემა არის ემიგრაციაში მყოფი ქალბატონები. სწორედ, ამ ჯგუფების ინტერესების გათვალისწინება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი ბიუჯეტის შედგენის დროს. გვინდა გავაჟღეროთ ინიციატივა და თხოვნით მივმართოთ სახელმწიფო სტრუქტურებს, ინსტიტუციებს, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებს, ფონდებს, იქნებ ერთად შევიმუშაოთ ისეთი პროგრამები და შესაბამისი დაფინანსებადი პროექტები, რომლებიც იმუშავებს მხოლოდ საქართველოდან გამგზავრებული, უცხოეთში მყოფი ქალბატონებისათვის და იგი ორიენტირებული იქნება ხელი შეუწყოს იძულებით ემიგრაციაში მყოფ ქალბატონებს, რათა მათ შეძლონ სამშობლოში საკუთარი საქმის წამოწყება, რასაც უსათუოდ მოყვება ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის საქართველოში დაბრუნება და ქართულ ბიზნეს სექტორში ქალების ჩართულობის გაზრდა. ეს კი თავისთავად გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას"- აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.