სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

09/02/2018

კონსტანტინე შარაშენიძე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. 
„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში. 
შარაშენიძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ლელა იმედაშვილთან ერთად სკოლების დირექტორებს მათ წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული და მოსწავლეთა ტრანსპორტირების მიმართულებით წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება სთხოვა, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობა საჯარო სკოლების კაპიტალურ ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

ზემოაღნიშნული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:
ა) ხელს უწყობს სკოლას ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში და ამ მიზნით იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესასრულებლად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების ოდენობას;
ბ) ხელს უწყობს საჯარო სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელებას;
გ) უზრუნველყოფს მოსწავლეთა კოორდინირებულ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას;
დ) იღებს ზომებს სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად;
ე) იღებს ზომებს იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოფს მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირებას;
ზ) იღებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს მოსწავლეთა სკოლაში დასწრების უზრუნველსაყოფად;
თ) უფლებამოსილია გამოითხოვოს ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვასთან არის დაკავშირებული;
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.