სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

08/08/2018

ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს





2008 წლის აგვისტოს ომის მე - 10 წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკეს. 
ჩატარდა მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილეებმა, გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალი მოინახულეს. 
2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საომარი მოქმედებების დროს დაუღუპა სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი). 
„ აგვისტოს მოვლენებიდან მე - 10 წელი გავიდა. ამ ომმა ჩვენი უშიშარი მებრძოლების გმირობის ისტორიები შემოინახა. გავიხსენეთ ქართველი ვაჟკაცები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში, “- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
მუნიციპალიტეტმა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს პირად ანგარიშზე ფულადი თანხა - 500 ლარი გადაურიცხა. 
აგვისტოს ომის გმირის თემურ ჭიტაძის სახელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გასულ წელს, სოფელ გურიანთის საჯარო სკოლას მიენიჭა.