სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/03/2018

საკრებულოს სხდომაზე თხუთმეტი საკითხი განიხილეს.





საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ თხუთმეტ საკითხზე იმსჯელეს.

 საკრებულოს გადაწყვეტილებით სოფელ გურიანთაში ერთ-ერთ ქუჩას თამაზ მალაზონიას სახელი მიენიჭა; დაბა ლაითურში - ჯემალ დუმბაძის, სოფელ ლიხაურში - ექვთიმე თაყაიშვილის, სოფელ ნატანებში - შეკვეთილის გზატკეცილის, ხოლო სოფელ ჯუმათში - მონასტრის სახელი მიენიჭა. სახელდების პროცესი გასულ წელს დაიწყო, დღეს განკარგულებები დამტკიცდა. დღესვე დამტკიცდა განკარგულება, დაბა ურეკში მდებარე ზღვის სანაპიროზე არსებულ გასასვლელისათვის ,,ნიკოლოზ ქარცივაძის“ სახელის მინიჭების თაობაზე - გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე, გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ.

 მსჯელობა გაიმართა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. აღმასრულებელი ორგანოს ინიცირებული საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

 საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ, საკრებულომ დადგენილებები გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საზოგადოებრივი დარბაზის დებულებების შესახებ მიიღო. როგორც სხდომაზე აღინიშნა , დებულებებში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხია ასახული, რომელიც საბჭოსა და საზოგადოებრივი დარბაზის ეფექტური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

 საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა მერიის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა დავით გორდელაძემ, რომელმაც გასული წლის ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული შესყიდვების ანგარიში წარმოადგინა.

 საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების მისაღებად. ნორმატიული აქტების მიღების ვადად საკრებულოს მორიგი სხდომა განისაზღვრა.

საკრებულომ მუშაობა ელექტრონული პეტიციის შემუშავებაზე დაიწყო. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი.

 დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა მუნიციპალიტეტის სიმბოლოების ნიმუშების შემუშავებისათვისაც გახდა საჭირო. .

"ქ.ოზურგეთისა და ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ძალადაკარგულად მიიჩნევა არსებული სიმბოლოები. კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, შესაძლებელია აღდგენილ იქნას გაყოფამდე არსებული სიმბოლოები ან შემუშავებულ იქნას ახალი. გაყოფამდე არსებული სიმბოლოები ჰერალდიკის საბჭოს მიერ არ იქნა მხარდაჭერილი, ამიტომ საჭიროა დაიწყოს მუშაობა ახალი გერბისა და დროშის ნიმუშების შემუშავებისათვის, კერძოდ- კონკურსის გამოცხადებისათვის. " - განმარტა სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძე.