სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/07/2018

თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით "მონატრება" გაიხსნა





ოზურგეთის თეატრი ნოდარ დუმბაძის II საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს.
ფესტივალი, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში სპექტაკლით ,,მონატრება“ გაიხსნა.
წარმოდგენას კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გურიის მხარის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები, ალექსანდრე სურგულაძე, ირაკლი სირაძე, ოსიკო თოთიბაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და უცხოური დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
კულტურისა და სპორტის მინისტრმა დრამატული თეატრის მსახიობები: ნუგზარ ბარამიძე, ზაზა ჯინჭარაძე და ომისხან ურუშაძე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. 
თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასილ ჩიგოგიძეს არაერთი ჯილდო და პრემია გადასცა. 
დაჯილდოვდნენ თეატრის ამაგდარი მსახიობებიც. სპეციალური საჩუქარი დრამატულ თეატრს ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე სურგულაძემ გადასცა. 
ფესტივალში წელს 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს. 
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. 
ნოდარ დუმბაძის სახელობის II საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.