ისტორია, ღირშესანიშნაობები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge
ისტორია, ღირშესანიშნაობები

   1917 წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1930 წელს ჩამოყალიბდა ცალკე ტერიტორიულ ერთეულად და ეწოდა ოზურგეთის რაიონი. 1934 წელს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად ეწოდა მახარაძის რაიონი. 1960-იანი წლების დასაწყისში რაიონის ტერიტორია შემცირდა: ტერიტორიის ნაწილი გომისმთის მიმდებარედ გადაეცა ქობულეთის რაიონს, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიების ნაწილი კი ლანჩხუთის რაიონს. 1963-64 წლებში მახარაძის რაიონს შეუერთდა ჩოხატაურის რაიონი და ცენტრად განისაზღვრა ქალაქი მახარაძე. 1990 წელს რაიონს კვლავ ეწოდა ოზურგეთი, ხოლო 2006 წლიდან — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 2014 წელს მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი ოზურგეთი.

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული ძეგლი ვაშნარის ნაქალაქარია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ციხეა შემორჩენილი და ორივე თამარ მეფის სახელს ატარებს. ესენია ასკანისა და ლიხაურის ციხეები.

 შუა საუკუნეების საეკლესიო ნაგებობებიდან აღსანიშნავია შემოქმედის ეკლესია, რომელიც შემოქმედის ეპარქიის ცენტრია და ჯუმათის ეკლესია, რომელიც ჯუმათის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი იყო. მნიშვნელოვანი ძეგლებია აჭის, ლიხაურისა და ბაილეთის ეკლესიები, სადაც იშვიათი ფრესკებია შემორჩენილი. გარდა ამისა, დარბაზული და ბაზილიკის ტიპის ეკლესიები დგას დვაბზუში, ვანისქედში, კვირიკეთში, მერიაში, მთისპირში, კონჭკათსა და ხრიალეთში.