მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

მუნიციპალიტეტი შედგება 28 ადმინისტრაციული ერთეულისაგან:

დაბა ლაითური

    ლაითური მდებარეობს მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთის ცენტრიდან 14 კმ.  მოშორებით. 
    დაბა ლაითურში საბჭოთა პერიოდში გავითარებული იყო სოფლის მეურნეობის რამდენიმე დარგი: მეციტრუსეობა,  მეჩაიეობა, ასევე, ფუნქციონირებდა ტუნგოს გადამამუშავებელი საწარმო. 1969 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს  დადგენილებით, ლაითურში ხულოს რაიონიდან დასახლდა 300 ოჯახი. აქ მაცხოვრებელთა უმეტესობა აჭარელია.
    2007 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  გადაწყვეტილებით  ლაითურში საპატიმრო ციხის მშენებლობა დაიწყო.
    დაბაში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია.
 

 

დაბა ნარუჯა

    მდებარეობს მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის, ოზურგეთიდან 10 კილომეტრის დაშორებით. ნარუჯის დასახლება  გაჩნდა 1929-30 წლებში. აქ იყო ტყითა და ბუჩქებით დაფარული გაუვალი ადგილები, რომლებიც გადაწვეს. დაბის  სახელწოდება „ნარუჯაც“ აქედან წარმოიშვა. დაბის სტატუსი ნარუჯამ 1986 წელს მიიღო. აქ გაშენებული იყო ჩაის  პლანტაციები. დაბაში არის საჯარო სკოლა.

 

 

 

დაბა ურეკი

    მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ., ოზურგეთიდან 24 კმ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან  შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის  სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე.  გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2.

    არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც  მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი „ნა-ეკ-ურ-ა“ ამტკიცებს ურეკის  განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.

ურეკი ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდაბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი, რომელიც ცნობილია ურეკის განძის სახელით. დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი (ო. ჯაფარიძე), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. 1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი, რომელიც შეიცავდა III საუკუნის დასასრულის და IV საუკუნის დასაწყისის სამარხეულ ინვენტარს.

1929-1930 წლებში ურეკში მოეწყო ლიმონ-მანდარინის მეურნეობა 489 ჰექტარზე.[3] 1936, 1938 და 1948 წლებში ურეკში არქეოლოგიური სადაზვერვო გათხრები ჩატარდა, რომელთა დროსაც აღმოჩენილ იქნა ურეკის განძი.

1944 წელს დაიწყო მაგნეტიტის მოპოვება, 1955 აღმოჩნდა მაგნეტიტის ახალი ქვიშები. მაგნეტიტის უბანში დაიწყო საზღვაო კურორტის მშენებლობა, მოეწყო გამწვანება, სვერი, გზები, ელექტროფიკაცია. 1953 წელს ურეკს მიენიჭა დაბის სტატუსი.

2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 970 კაცი. მათი 73% ქართველია, 21% — რუსი, 2% — სომეხი.

ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკულია, იცის თბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,8°C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,6°C). ნალექები 2080 მმ წელიწადში.

გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვების ბანაობისთვის. პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული.

მოქმედებს რამდენიმე სასტუმრო, პანსიონატი და საოჯახო სასტუმრო სახლი.

მაგნეტიტი[რედაქტირება ურეკის ერთ-ერთი უბანია მაგნეტიტი, რომელსაც ეს სახელი ეწოდა მაგნეტიტი რკინის შემცველი სილების გამო. მაგნეტიტი მდებარეობს მდინარეების, კუჩხასა და სეფას შორის და გაშლილია 2-2,5 კმ. სიგრძისა და 500-600 მ. სიგანის ტერიტორიაზე. მაგნეტიტის პლაჟი სიგრძის 1-1,5 კილომეტრია, სიგანით კი 60-80 მეტრი. ზღვის დონე ნაპირთან დაბალია და 20-40 მეტრის მანძილზე ადამიანს ყელამდე არ სწვდება. სანაპირო შედგება წვრილმარცვლოვანი სილისაგან, რომელშიც არის 2-7%-მდე რკინის მაგნეტიტრური მადანი.

დაბა ნასაკირალი

  მდებარეობს მდინარეების სუფსისა დაბახვისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 105 მ.,  ოზურგეთიდან 8 კმ. ქვედა ძიმითიდან 3 კმ.

   არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ნასაკირალი.  განთქმული  იყო ნასაკირალის ძელქვის ტყე. ნასაკირალის ტერიტორია დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.  1905 წელს  ნასაკირალის ტყეში გაიმართა ნასაკირალის ბრძოლა, ადგილობრივი გლეხების შეტაკება კაზაკებისა და  მილიციის  რაზმების წინააღმდეგ. იქვე, ცხავათის მთაზე მოქმედებდა ამ 1905 წლის გამოსვლების ისტორიის მუზეუმი.  

     

 

 

 

ასკანა

     თემის ცენტრი ( სოფლები: მზიანი, დაბალი ეწერი) მდებარეობს ზღვის დონიდან 173 მეტრზე.  ოზურგეთიდან  დაშორებულია 17 კილომეტრით.  სოფელში არის საჯარო სკოლა, ადმინისტრაციული შენობა. ასკანაში დგას ამაღლების  სახელობის ეკლესია. ჩამოედინება მდინარე გულეფა.  გულეფაზე არის  11 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც ქმნის 5  მეტრი სიგანის ტბას. ამ ადგილს ადგილობრივებმა ოჩოჩხა შეარქვეს.  

     სოფელში  არის ბენტონიტური თიხის საბადო.

     ასკანაში ყოველი წლის 30 აგვისტოს იმართება სოფლის დღესასწაული „ასკანობა“, რომელიც აღინიშნება  ტრადიციული დოღით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრით და ფოლკლოლური ანსამბლების კონცერტით.

 

ბაილეთი

     თემში შემავალი სოფლებია:  ახალსოფელი, ჭანიეთური. მდებარეობს ოზურგეთიდან 9 კმ. მოშორებით.  ზღვის  დონიდან 60 მ. სოფელში არის საჯარო სკოლა.

     სოფლის ტერიტორიაზე დგას შუა საუკუნეების ციხის გალავანი და 1609 წლის ეკლესია. ბაილეთის ეკლესია მამათისა  და ჩეხედანას ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის უფლის საფლავისთვის იყო შეწირული. ეკლესია ნაგებია აგურითა და  ნახეთქი ქვით. 1827 წ. ეკლესიას დაადგეს თლილი ქვის გუმბათი და მოხატეს. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი  სამწახნაგოვანი ნახევარწრის ფორმისაა. მხატვრობა შეიცავს გურიელების გვარის წარმომადგენელთა პორტრეტებს.

 

ბახვი

     თემში შემავალი სოფლებია: ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი. Bბახვის სახელწოდების წარმოშობა  უკავშირდება ბერძნულ ღვთაება ბახუსს. ბახვი მეღვინეობით იყო განთქმული, აქ მოდიოდა ვაზის ადგილობრივი  ენდემური ჯიშები, ჩხავერი, მტევანდიდი და ჯანი. ბახვში დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. 1900-იან წლებში  ბახვი გურიაში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. აქ დაიწერა ბახვის მანიფესტი – გურიის გლეხთა  მოთხოვნები - 1905 წელს.
     ბახვში არის საჯარო სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, ბავშვთა ბაღი, ამბულატორია, სოფლის კლუბი. სოფელში  ფუნქციონირებს საფეხბურთო კლუბი.

 

ბოხვაური


     თემში შემავალი სოფლებია ბოხვაური და ჭალა. მდებარეობს ოზურგეთიდან 2 კმ. დაშორებით, ზღვის დონიდან  100მ. - ზე. მდინარე ბჟუჟსა და ნატანებს შორის. სოფელში არის საჯარო სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, სადაც  განთავსებულია ამბულატორია. ჭალა ბოხვაურის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სოფლის კლუბი. 

 

 

 

 

გურიანთა

     თემის ცენტრია გურიანთა. თემში შემავალი სოფელია ციხისფერდი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟისა და ნატანების  შესართვთან ახლოს, მდინარე სავაციას სანაპიროზე. ზღვის დონიდან 70 მ. ოზურგეთიდან 5 კმ. მოშორებით. სოფელში  არის 2 საჯარო სკოლა, რკინიგზის სადგური, ადმინისტრაციული შენობა, სოფლის კლუბი, ამბულატორია და საბავშვო    ბაღი.
     ისტორიულად გურიანთა წარმოადგენდა გურიის თავდაპირველ ცენტრს. ისტორიკოსების მოსაზრებით, სწორედ  გურიანთის სახელწოდებიდან წარმოიშვა ტოპონიმი გურია. სოფლის ტერიტორიაზე მდინარეების: სკურდუბისა და  ნატანების შესართავთან მდებარეობს ვაშნარის ნაქალაქარი. გურიანთაში აღმოჩენილია ნეოლითური ნამოსახლარი.

 

დვაბზუ

     თემში შემავალი სოფლებია დვაბზუ, გაღმა დვაბზუ და ნასაკირალის უბანი. მდებარეობს მდინარე ნატანების  მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 130 მ. ოზურგეთიდან 5 კმ.-ს მოშორებით. სოფელში არის საჯარო სკოლა,  ამბულატორია და შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

     სოფლის ცენტრში დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია.

     დვაბზუში მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“

 

ვაკიჯვარი

     თემში შემავალი სოფლებია : ვაკიჯვარი, ფამფალეთი.

     ვაკიჯვარი მდებარეობს მდინარე ნატანების სანაპიროზე. ზღვის დონიდან 400 მ.  სოფელში არის საჯარო სკოლა,  რამდენიმე მცირე ჰესი, ამბულატორია, ჯვართამაღლების ეკლესია. სოფლის ერთ-ერთი უბანია თავვაკიჯვარი, რომელიც  ცენტრიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. თავვაკიჯვრიდან საცალფეხო გზა მიდის კურორტ ბახმარომდე. ვაკიჯვარში  არის საჯარო სკოლა. ამბულატორია, საბავშვი ბაღი და ადმინისტრაციული შენობა.

     ვაკიჯვარი სამკურნალო ადგილად ითვლებოდა. ბახმაროს აღმოჩენის შემდეგ  სოფელმა, როგორც სააგარაკო  ადგილმა, დაკარგა მნიშვნელობა.

თხინვალი

    მდებარეობს ოზურგეთიდან 14 კმ.-ის დაშორებით.  სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია,  ბიბლიოთეკა, სააქტო და სპორტული დარბაზი. თხინვალში  მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა“.

    სოფლის  ადრინდელი სახელწოდებაა ახალსაყდარი.  1930-იან წლებში სოფელს სახელი შეუცვალეს და ფართოდ  გავრცელებული თხილის კულტურის გამო თხინვალი დაარქვეს.

 

 

კონჭკათი

    კონჭკათი ოზურგეთიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. თემში შემავალი  სოფელია განთიადი. მდებარეობს  მდინარე სუფსის ხეობაში. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა და  ამბულატორია.

   კონჭკათში დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნანგრევვები, რომელიც მიჩნეულია XII-XIII  სს.-ის  ძეგლად. კონჭკათის ეკლესია შუა საუკუნეების გურიის არქიტექტურული ხელოვნების მშვენიერი ნიმუშია.  სოფლის განაპირას კატის ციხის ნანგრევებია, რომელიც ლეგენდის თანახმად, მიწისძვრას დაუნგრევია, ნანგრევების  სანახავად მისულ მოსახლეობას კი იქ კატა დახვედრია, აქედან წარმოიშვა ციხის სახელწოდებაც.  

 

ლიხაური

    მდებარეობს მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ნაბადას მთის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 120 მ. ქალაქ  ოზურგეთიდან  5 კმ.-ს მოშორებით. თემში შმავალი სოფლებია: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური. სოფელში  არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი.

    სოფლის ერთერთი უბანია ოქროსმუხურო, რომელიც სოფლის ცენტრიდან 2-3 კილომეტრის დაშორებით  მდებარეობს და ცენტრისგან მდინარე აჭისწყლითაა გამოყოფილი. 

    ლიხაური ადრინდელ ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის საერისთავოს პოლიტიკურ ცენტრს.

    სოფელში დაიბადაა მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. სოფელში დგას მისი  სახელობის მუზეუმი  და 16 იანვარს აღინიშნება ყოველწლიური დღესასწაული „ექვთიმეობა“. ლიხაურში აგრეთვე დაიბადა ალექსანდრე წუწუნავა - სცენარისტი და რეჟისორი.

     ლიხაურში დგას XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე , ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა.

ლიხაურის ციხე.

     თამარის ციხე მდებარეობს ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით. ციხე გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ციხე გეგმით ოვალურია. ორსართულიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან აქვს. გალავნის ოთხივე მხარეში კოშკებია ჩართული. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის რეზერვუარი და ჭა.

მაკვანეთი

     მოიცავს სოფლებს: ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი (ცენტრი) და გოგიეთი. მდებარეობს მდინარე აგიდაყვას  სანაპიროზე, ქალაქ ოზურგეთიდან 4 კმ.-ის მოშორებით. სოფელში დგას ხარების სახელობის ეკლესია. მაკვანეთში  არის საჯარო სკოლა, ადმინისტრაციული შენობა. სოფელში ჩამოდის მდინარეები აგიდაყვა და შკვარაშკურა.

 

 

 

 

 

მელექედური

    სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ნასაკირალის სერის სამხრეთით, მდინარე ნატანების მარჯვნივ,  ზღვის დონიდან 90 მ., ოზურგეთიდან 5 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.

 

 

 

 

 

მერია

     თემის ცენტრი (მერია, ნაღობილევი, ჭახვათა, ხვარბეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა.

 მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ოზურგეთიდან 13 კმ., ზღვის დონიდან 30 მ. სოფელში არის რკინიგზის  სადგური ნატანები-ოზურგეთის ხაზზე, რომელიც შვიდ სოფელს ემსახურება, გადის ოზურგეთი-ურეკის სააავტომობილო  გზა. მერიაში განლაგებული იყო საბჭოთა საავიაციო ბაზა, ამჟამად მის ადგილზე განთავსებულია ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი.

    სოფლის უწინდელი სახელწოდებაა გოგორეთი. გოგორეთი მოიცავდა სოფელ ახალსაყდარსაც. გოგორეთის  ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XVII საუკუნით თარიღდება. უფრო გვიანდელია ნაკაშიძეთა კარის ეკლესია. 1841  წელს აქ გაიმართა გოგორეთის ბრძოლა. XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელი უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. 1928 წლისთვის სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაბლობში, ანუ მერეში დასახლდა. მალე მრეს მოსახლეობამ გადააჭარბა თავდაპირველი დასახლების, გოგორეთის მოსახლეობას და სოფლის ცენტრიც მერეში გადავიდა.

საბჭოთა პერიოდში მერიის ტერიტორიაზე აშენდა სამხედრო აეროდრომი და მოეწყო შესაბამისი დასახლება. ამჟამად აეროდრომის ტერიტორიაზე განთავსებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი.

მთისპირი

     მთისპირის თემის ცენტრი (მთისპირი, ვანისქედი, ოქროსქედი,უკანავა). მდებარეობს  მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 300 მ. ოზურგეთიდან 16 კმ-ზე. სოფელში არის საჯარო სკოლა,  აფთიაქი, საექიმო ამბულატორია, ბიბლიოთეკა.

     მთისპირის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იწყება მესხეთის ქედის განშტოებები. სახელწოდება სოფელს გეოგრაფიული  მდებარეობის გამო ეწოდა. მთისპირი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. დადასტურებულია ჯერ კიდევ 2000-3000 წლის  წინათ აქ დასახლების არსებობა.

     სოფელ მთისპირის ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია. ის მოიცავს სხვადასხვა დახრილობის მქონე ფერდობებს,  შლეიფებს, წყალგამყოფებს, გორაკბორცვებსა და ძლიერ დახრილ გორებს. ტერიტორია აგებულია თიხა-ფილაქნებისაგან, მეგელებისა და ქვა-ქვიშების ნაფენებისაგან. ნიადაგებიდან აქ ვხვდებით წითელმიწების, ყვითელმიწების, ნეშომპალა-კარბონატული და ალვანური ტიპის ნიადაგებს თავისი სახესხვაობით. მცენარეული საფარი ძირითადად კოლხური ტიპისაა.

ნაგომარი

    (ნაგომარი, მაღალი ეწერი, ჟანაურა, შუა ისნარი). სოფელში არის საბავშვო ბაღი  სოფელში დგას წმინდა მარინეს  სახელობის ეკლესია.

    მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 70 მ. ოზურგეთიდან 16 კმ.

    სანაგომარო გურიელების სამოურავოს წარმოადგენდა, რომლის მოურავებიც გუგუნავები იყვნენ. სოფელში    ტრადიციულად, 28 აგვისტოს მარიამობას იმართებოდა დღესასწაული და დიდი ბაზრობა. ბაზრობა ნაგომარში მამია V  გურიელმა დააწესა. ნაგომრის ბაზრობა ერთ-ერთი იყო ჯუმათისა და საჯავახოს ბაზრობებთან ერთად, მაგრამ  შემოსავლით აღემატებოდა მათ.

   სოფელში ცხოვრობდა ქართველი პოეტი სიმონ გუგუნავა. აქ იდგა მისი „პოეზიის სასახლე“, რომელიც დაიწვა 1906 წლის თებერვალში გურიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ. ნაგომარშივე იდგა გაბრიელ ეპისკოპოსის საზამთრო რეზიდენცია.

კულტურის სახლი.

ნატანები

   მოიცავს სოფლებს: ზემო და ქვემო ნატანებს, ასევე, შეკვეთილს.  

   ნატანები საბჭოთა პერიოდში ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სოფელი იყო. 1951 წელს ნატანების  სასოფლო საბჭოს ცენტრი მოეწყო ყოფილ სოფელ შავაში. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის  შენობა, 50-იანების მეორე ნახევარში კი კულტურის სახლის შენობა. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების  შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები,  ბიბლიოთეკა. ნატანების ლენინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა 382 ჰა ჩაის და 380 ჰა სიმინდის ფართობს, მისი  წლიური ფულადი შემოსავალი 1954 წლისთვის 10 მილიონ მანეთზე მეტს შეადგენდა. ნატანები დამეგობრებული იყო  უკრაინის სსრ-ს ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის შევჩენკოს კოლმეურნეობასთან და სომხეთის სსრ-ს სოფელ ნალბანდიანთან. 1954 წელს ნატანების მერვე ბრიგადაში ერთ ჰექტარზე გაშენდა „მეგობრობის ბაღი“ და დაიდგა მეგობრობის ობელისკი

სოფელი ოზურგეთი

    მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 2 კმ.-ს მოშორებით.  სოფელში არის  საჯარო სკოლა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, გადის ოზურგეთი-ნატანები -  ურეკის საავტომობილო გზა. სოფლის ტერიტორიაზე არის 1918 წელს გურიაში შეჭრილი თურქების წინააღმდეგ  დაღუპულ მებრძოლთა საძმო სასაფლაო.

    სოფლის ადრეული სახელწოდება არის ეწერი. 1930-იანი წლებიდან მას ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე  ეწოდა.1951 წელს სოფელში აშენდა 200 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლის შენობა, ცენტრში დაიდგა იოსებ  სტალინისმონუმენტი. 1989 წელს სოფელს ოზურგეთი უწოდეს.

 

სილაური

    მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვზღვის დონიდან 100 მ., ოზურგეთიდან 13 კმ.

 სოფლის ძველი სახელწოდებაა ძეგორა. რუხმელის ხეობაში იდგა დიდი ციხე და წმინდა გიორგის ეკლესია. სოფელში  1945 წელს აშენდა მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 23 კვტ/სთ.

 

 

 

შემოქმედი

 

   თემში შემავალი სოფლებია: წითელმთა, კვირიკეთი, გონებისკარი, გომი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე,  ზღვის დონიდან 190 მეტრ სიმაღლეზე. სოფელი ოზურგეთის ცენტრიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული.  შემოქმედში გადის ადგილობრივი მნიშვნელობის ოზურგეთი- შემოქმედი-გომისმთის დამაკავშირებელი საავტომობილო  გზა. სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული შენობა და ამბულატორია.

   ჩამოედინება მცირე მდინარეები, აკიშა და ნაბჟუარა.

   შემოქმედი გურიის ისტორიული სოფელია. აქ  იყო საეპისკოპოსო ცენტრი.  მაღლობზე დგას შუა საუკუნეები  სამონასტრო კომპლექსი, მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი და ფერიცვალების ეკლესია.  აქვეა გურიელების  საგვარეულო საძვალე.

შემოქმედს ეკუთვნის სამთო კურორტი გომისმთა, რომელიც ზღვის დონიდან  2100-2755 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დაფარულია წიწვოვანი ტყით და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

ცხემლისხიდი

    მდებარეობს მდინარე ნატანების მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 90 მ.  ოზურგეთის ცენტრიდან 7 კმ.-ის  დაშორებით. ცხემლისხიდის უბნებია: ზედა უჩხუბი და ბაღდადი. ცხემლისხიდში დგას წმინდა ნიკოლოზის  სახელობის ეკლესია. სოფელში არის საჯარო სკოლა.

 

 

 

 

ძიმითი

    შედგება სოფლებისგან ზედა ძიმითი, ნასაკირალი, ქვედა ძიმითი. თემის ფართობია 17, 66 კვ/ კმ.  მდებარეობს  ქალაქ ოზურგეთიდან 16 კმ.-ის დაშორებით. სოფელში არის 2 საჯარო სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, სოფლის  კლუბი, ამბულატორია.

 

 

 

 

ჭანიეთი

   თემში შემავალი სოფლებია: ვაშტიალი, ქაქუთი. ჭანიეთი მდებარეობს მდინარე ჩოლოქის მარჯვენა სანაპიროზე,  ზღვის დონიდან 120 მ. ქალაქ ოზურგეთისგან დაშორებულია 7 კმ.-ით. სოფელი მდებარეობს ნაბადას მთის ძირში,  მდინარე ჩოლოქის ხეობაში,  ნაბადას ჩრდილოეთით  დგას მუზარადის მთა, საიდანაც ჩამოედინება მუზარათის  ღელე. ნიაბაურისა და ჭანიეთის საზღვარზე დგას ნასიმაგრევის მთა. სახელწოდება ჭანიეთი ამ ტერიტორიაზე  ადრეულ ეპოქებში დასახლებული ჭანებიდან მოდის.

   სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

 

ჯუმათი

    თემის ცენტრი (ჯუმათი, ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვენა სანაპიროზე.  ზღვის დონიდან 120 მ. ქალაქ ოზურგეთიდან 14 კმ.-ს მოშორებით. სოფლის უბნებია: სოფლის უბნებია: მიხაისფონი,  ხარხამეთა, კიბულას ღელე და ლაშე. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
    სოფლის მთავარი ღირშესანიშნაობაა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ბაზილიკური მონასტერი.  მისი აგების თარიღი უცნობია. მონასტრის ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება.

 

 

 

შრომა

    თემში შემავალი სოფლებია: ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი. სოფელში არის საჯარო სკოლა,  ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული შენობა, კულტურის სახლი.

   მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა სანაპiროზე.  ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 36 კმ.-ის დაშორებით.

 სოფლის ძველი სახელწოდებაა მიქელგაბრიელი.