ტურიზმის პროექტები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge
ტურიზმის პროექტები

კურორტები და ტურიზმი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ფლობს უნიკალურ კურორტებს როგორც ზღვისპირეთზე, ასევე ალპურ ზონაში. საქართველოში არსებული ოთხი სარეკრეაციო სტატუსმინიჭებული კურორტიდან -  ურეკი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მუნიციპალიტეტის კურორტები საშუალებას იძლევა ზამთარ-ზაფხულ უმასპინძლოს დამსვენებლებს საქართველოდან თუ საზღვარგარეთიდან, რაც ბიუჯეტის ზრდისა და მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

 

მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთის კურორტებიდან მოქმედია ურეკი, შეკვეთილი და სამთო კუროტი გომისმთა.

  საზღვაო აკვატორია  შეკვეთილიდან გრიგოლეთამდე საზღვაო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიზნით ურეკსა და შეკვეთილში შესაძლებელია აშენდეს მინიპორტები, საიდანაც კომეტით, მცირე ზომის სასეირნო გემებით და კატერებით მოეწყობა ექსკურსიები დამსვენებლების და ტურისტებისათვის.

მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალებად ასევე შესაძლებელია მივიჩნიოთ საცხენოსნო მარშრუტების დაგეგმვა ისტორიულ ძეგლების და მაღალმთიანი ადგილების დასათვალიერებლად.

აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება ნაციონალური სუვენირების საწარმოებლად. აღნიშნული პროდუქციის რეალიზება მოხდება სასტუმროთა ქსელში, პანსიონატებში, კურორტებზე და სავაჭრო მარკეტებში.

მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი წყაროა სარეკლამო კამპანიის ევროსტანდარტების დონეზე განხორციელება, რათა მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტურისტები საზღვარგარეთიდან.

            ზემოაღნიშნულის პრაქტიკაში რეალიზებისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაიდგა  ქმედითი ნაბიჯები და მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება დაისახა. კერძოდ, კურორტ გომისმთისა და ურეკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, რათა კურორტები მეტად მიმზიდველი გახდეს ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისათვის.

  კურორტი გომისმთა მდებარეობს აჭარა-გურიის მთაგრეხილის ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე. გომისმთა სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სამთო კურორტია. მისი უნიკალურობა გამოიხატება მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით.

 

 

2014 წლის აგვისტოში აშენდა აგარაკებიდან კრატერული წარმოშობის, უნიკალური ჭინჭაოს ტბამდე მისასვლელი 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი.

 

 

გზა გაყვანილი იქნა  სამემთაბარეო ფერმებამდე ე.წ. „ლორის კარავზე”, რაც მომთაბარე ფერმერებს დამსვენებლებისათვის სასოფლო სამეურნეო ნატურალური პროდუქტების მიწოდებას გაუადვილებს.

 

 

ამავე თვეში სტუდენტების ჯგუფთან ერთად მოეწყო სამდღიანი ლაშქრობა კურორტ გომისმთაზე,  რომლის მიზანი იყო გომისმთის პოპულარიზაცია. ხოლო, სექტემბერში გომისმთამ პროექტ „ლეგენდების კვალდალვალ” ფარგლებში, ახალგაზრდულ, შემეცნებით-საგანმანათლებლო ალპინიადას უმასპინძლა.

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდა გომისმთის წყალმომარაგების პროექტი,  2016 წელს დაიწყო 7 კილომეტრიანი თანამედროვე, ევროსტანდარტების დონის წყალსადენის მშენებლობა, აგარაკების წყლის მილებით დაქსელვა და გამრიცხველიანება. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 850 ათას ლარს. დაწყებულია მუშაობა კურორტ გომისმთის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე.

 

    მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა გომისმთის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით. კურორტი უხვთოვლიანია, ზამთრის სეზონი 8 თვის განმავლობაში გრძელდება და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის იდეალური რელიეფი აქვს.

ამ პროექტების განხორციელების შემდგომ, გომისმთა აუცილებლად დაიმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს არამარტო საქართველოს კუროტების ნუსხაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

სარეკრეაციო სტატუსის მქონე  კურორტებზე: ურეკსა და შეკვეთილში მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება - შენდება ევროსტანდარტის დონის წყალმომარაგების სისტემა და საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა.

პროექტი შემუშავებულია გერმანული საპროექტო ორგანიზაცია „კოკსის“ მიერ, რომლის საერთო ღირებულება 73 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასრულებს შპს „ფერი“ და პროექტის მიხედვით ის 2017 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა კურორტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან უპრეცედენტო რაოდენობის დამსვენებელსა და ტურისტს მასპინძლობდა. ჩვენი მიზანია, არამარტო შევინარჩუნოთ დამსვენებლებისა და ტურისტების კონტიგენტი, არამედ გავზარდოთ იგი, რაც, თავისთავად,  ბიუჯეტის ზრდას განაპირობებს.

ზემოაღნიშნული ჩანაფიქრების პრაქტიკული რეალიზება წარმოუდგენელია  ამ ადგილების პოპულარიზაციის გარეშე. ამ მიზნებს ემსახურებოდა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის  ინიციატივით  ორგანიზებული საინფორმაციო ტური - „ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“. გზა - ზღვის სანაპიროდან თოვლიან მთებამდე გადის. სასიხარულოა, რომ ტურმა - „ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“ უკვე შედეგი გამოიღო და დღეის მდგომარეობით, სამი ერთეული მიკროავტობუსით ყოვედღიურად მიემართებიან ტურისტები ზღვიდან გომისმთაში.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო 2014 წლის დეკემბერსა და 2015 წლის იანვარში  სხვადასხვა ტელევიზიებთან თანამშრომლობა.  აჭარის ტელევიზიასთან,   GDS-სთან, რომელმაც ჩაწერა „ალილოობა“ გურიაში, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემისათვის ,,ეს საქართველოა“ გადაიღო გურიის რეგიონის კურორტები და ღირსშესანიშნაობები. საკურორტო სეზონის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურისტულ კერებში სატელევიზიო სიუჟეტები მოამზადეს ტელეკომპანია „იმედმა“, „მაესტრომ“ და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“.

  ამ სერვისების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია უსაფრთხოება.   ყოველი დამსვენებლის სიცოცხლე  არის ძვირფასი. ამიტომ, წლევანდელ სეზონზე მუნიციპალიტეტმა საკურორტო ზონაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. წყალმაშველთა სამსახურს სპეციალური ფორმები და ახალი სამაშველო ინვენტარი: მალიბუები, თოკები, სამაშველო რგოლები და რადიოგადამცემები გადაეცა. 

   

დაბა ურეკსა და შეკვეთილს 15 მაშველი და ორი სკუტერი ემსახურება.

 

 

 

კურორტებზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიზნით, 2014-2015-2016 წლების სეზონის განმავლობაში მოეწყო დასუფთავების მასშტაბური აქციები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო  420 ათასი ლარი დასუფთავების ახალი მანქანების შესაძენად. 

 

 

პრობლემების პრაქტიკულად გადაჭრისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თხოვნამ შედეგი გამოღო და მუნიციპალიტეტს გადმოეცა  10 ერთეული  სპეციალური ტექნიკა და 350 ერთეული სანაგვე კონტეინერი.

ამ თანამედროვე ტიპის ტექნიკით, საბოლოოდ გადაიჭრა, არამარტო, საკურორტო ადგილების დასუფთავების საკითხი, არამედ მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებისაც, რასაც უახლოეს მომავალში იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა.

             

მისასალმებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელმაც 50 თეთრიდან 25 თეთრამდე შეამცირა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე.

მუნიციპალიტეტის გამგეობა კვლავაც დაუზარებლად გააგრძელებს კურორტებისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც აუცილებლად გადაიზრდება შედეგში - საბიუჯეტო შემოსავლებში და  მეტი ადამიანის დასაქმების პერსპექტივაში.